ჟურნალი ნომერი 7 ∘ თემურ სიხარულიძე საფირალო მოძრაობა გურიაში (XIX-XX სს.)პროტესტის გამომხატველი ფორმა, რომელმაც გურიაში XIX-XX საუკუნეებში იჩინა თავი, ქართულ ისტორიოგრაფიაში ცნობილია ,,ფირალობის“ სახელით. ფირალების ასპარეზზე გამოჩენა პირდაპირ კავშირშია იმ სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებთან, რომელიც საქართველოს მეფის რუსეთის დროს შეეხო. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ სოციალური პროტესტის ისეთი მწვავე ფორმა, როგორიც ფირალობა იყო, მხოლოდ გურიაში დამკვიდრდა და დღემდე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს ამ მოძრაობასთან დაკავშირებით. ზოგი მათში მხოლოდ ტყეში გავარდნილ ყაჩაღს ხედავს, ზოგიც - რობინ ჰუდისა და არსენა მარაბდელის მსგავს პიროვნებას. წინამდებარე სტატიის მიზანს სწორედ ამ სოციალური მოვლენის არსში გარკვევა და მისი ნათლად წარმოჩენა წარმოადგენს. თუმცა სანამ უშუალოდ ძირეულ საკითხებს შევეხებოდეთ, საჭიროა, მოკლედ ვახსენოთ ის ავტორები, რომელთაც თავისი წვლილი შეიტანეს „ფირალობის“ შესწავლის საქმეში. პირველ რიგში, აღსანიშნავია ა.ხინთიბიძის „გურული ფირალები“, რომელიც პირველად 1938 წელს გამოიცა, მანამდე ქართულ ისტორიოგრაფიაში მხოლოდ მცირე ნაბიჯები იყო გადადგმული საფირალო მოძრაობის შესწავლისათვის [მაგ. ს. ხუნდაძის წერილი „არსენას ტიპი ქართულ მწერლობაში“; გ.ხაჭაპურიძის „გლეხთა მოძრაობანი საქართველოში“]. ხინთიბიძეს საფუძვლიანად აქვს განხილული საფირალო მოძრაობის გამომწვევი მიზეზები. ცხადია, ნაშრომი დაფუძნებულია კომუნისტური იდეოლოგიის პრინციპებზე, რაც ამ ტექსტის ობიექტურობას გარკვეულწილად აკნინებს, თუმცა არსებითი შინაარსი აღნიშნული ნაშრომისა დიდად გვეხმარება ამ პროცესის აღქმაში. თუმცა აღნიშნული ნაკლოვანებები შევსებული აქვს ი.მახარაძეს იმავე სახელწოდების წიგნში - „გურული ფირალები“, სადაც ავტორს გარდა სოციალურ-ეკონომიკური მიზეზებისა და ისტორიული მოვლენებისა, გადმოცემული აქვს ცალკეულ ფირალთა ბიოგრაფიული პორტრეტები, რაც, უმეტეს წილად, ეთნოგრაფიულ მასალებზეა დაფუძნებული. გარდა ამ მნიშვნელოვანი თხზულებებისა, ფირალობის შესწავლაში დიდად გვეხმარება XIX-XX საუკუნეების ქართული პერიოდიკა [ გაზეთები: „ივერია“, „დროება“, „მოგზაური“ თუ სხვ.].
1828 წელს გურიის სამთავროს გაუქმებისა და რუსეთთან შეერთების შემდეგ გურიაში ძალიან ხშირი იყო უკმაყოფილო გლეხების მიერ ბატონების ხოცვა, მათი ძარცვა, სახლ-კარის გადაწვა და ა.შ. ასევე ხშირი იყო შემთხვევები, როცა გურულები ბათუმში გადადიოდნენ და სარწმუნოებას იცვლიდნენ. ამ დროის საქართველოში არსად იმდენი ბატონი არ დაუხოციათ, რამდენიც გურიაში. თუ ერთი მკვლელი
იყო, სხვა დანარჩენი მას ყველანაირად ეხმარებოდა [ტუღუში, 2008]. გლეხთა უკმაყოფილებამ და აღშფოთებამ ზენიტს 1841 წელს მიაღწია და აჯანყებამ იფეთქა, რომელსაც ორგანიზებული და მასობრივი ხასიათი ჰქონდა. ,,ჯანყი გურიაში“ სხვა სოციალურ ნიშნებთან ერთად თვითმყრობელობისა და რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა იყო, რომელსაც მოსახლეობის ყველა ფენა შეუერთდა, მათ შორის, თავადაზნაურობის დიდი ნაწილი. თუმცა, სამწუხაროდ, აჯანყება ჩაახშეს და, რა თქმა უნდა, გლეხზე წნეხი კიდევ უფრო გაიზარდა. გურული გლეხობა, როგორც ჩანს, მაინც არ აპირებდა დანებებას, რაზეც 1862, 1881-82 წლების გამოსვლები მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმპერია ყველანაირი სახის გამოსვლას ახშობდა, გურულები მაინც არ დანებებულან.
გლეხების მდგომარეობა მას შემდეგ კიდევ უფრო გართულდა, რაც 1861 წლის 19 თებერვალს იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ ხელი მოაწერა ბატონყმობის გაუქმების მანიფესტს. ბატონყმობის გაუქმება წარმოადგენს ერთგვარ ,,საგლეხო რეფორმას“, რომლის მიხედვითაც, გლეხებმა თავისუფლება მიიღეს. მანიფესტის შემდეგ გლეხს ჰქონდა უფლება, სოფელი დაეტოვებინა და ბედი ვაჭრობაში ეცადა, გამოსულიყო სასამართლოში და ა.შ. მაგრამ მიწა მაინც მემამულის საკუთრებად იქნა აღიარებული. მემაულეები ვალდებულნი იყვნენ, გლეხისთვის მუდმივ სარგებლობაში გამოეყოთ ე.წ. სანადელო მიწები, თუმცა სანამ გლეხი მიწას მთლიანად არ გამოისყიდიდა, მანამდე დაკისრებული გადასახადები ჩვეულებრივად უნდა გადაეხადა. მემამულის თანხმობის შემთხვევაში გლეხს შეეძლო მიწის შესყიდვა, თუმცა ეს დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. როგორც ჩანს, მიწას იმხელა ფასს ადებდა მემამულე, რომ მისი შესყიდვა უბრალო გლეხისთვის შეუძლებელი იყო. საქართველოში ბატონყმობა მხოლოდ სამი წლის შემდეგ გაუქმდა. ქუთაისის გუბერნიაში, რომელშიც იმერეთი, რაჭა და გურია შედიოდა, ბატონყმობა 1865 წლის 13 ოქტომბერს გაუქმდა [ნარკვევები, 1970]. საინტერესოა, რომ თბილისის გუბერნიისგან განსხვავებულად მოხდა ქუთაისის გუბრენიაში მიწების დანაწილება. ქუთაისის გუბერნიაში მიწების განაწილების დროს, გლეხებს არა მარტო მათ სარგებლობაში არსებული მიწები ჩამოაჭრეს, არამედ მემკვიდრეობით მიღებული და ახლად შეძენილიც. როგორც ვხედავთ, სინამდვილეში მთავრობა ბატონყმობის გაუქმების მხოლოდ ზედაპირულ მხარეს შეეხო და არა მის საფუძველს, ანუ ამ რეფორმით უშუალო მწარმოებელს მხოლოდ პირადი თავისუფლება მიენიჭა, ეკონომიკური დამოუკიდებლობა კი არა. საგლეხო რეფორმამ ისედაც გაჭირვებული გლეხი კიდევ უფრო დააზარალა მატერიალურად. გურული გლეხების მდგომარეობა თანდათან კიდევ უფრო უარესდებოდა. მართალია, მწარმოებელთა მცირე ნაწილი ძლიერდებოდა და სოფლის საშუალო ფენის რიგებში გადაიოდა, მაგრამ საერთო სურათი ძალიან მძიმე იყო, აბსოლიტური უმრავლესობა ღატაკდებოდა და გაჭირვებისკენ მიექანებოდა. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა რომ გლეხი ტოვებდა საკუთარ კარ-მიდამოს და ალტერნატიულ გამოსავლს მხოლოდ სხვაგან დასაქმებაში ხედავდა. საქართველოში გურული გლეხი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გარე სამუშაოზე გავიდა, ეს კი თავისთავად დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. გ. წერეთელი 1873 წელს წერდა: ,,გადმოხვალთ ცეცხლის ეტლითგან და შეხედავ მეკურტნეებს... ,,ბატონო, მიბოძეთ თქვენი ბარგი, მოვიკიდებ ზურგზე და გასტინიცისკენ გავშპები“, - ეს გურულებია. ოი, დიდება შენთვის ღმერთო, გურული და მეკურტნე, ეს რა ამბავია, გურულს იარაღი ხელსი და წინ მტერი, - აი მისი საქმე... უწინ რომ გურულისთვის კურტანი მიგეცა, თოფს გესროდა...’’ - წერეთლის ეს სიტყვები ძალიან მალე მართლაც ახდა. აღსანიშნავია, რომ გურიის სოფლებიდან მუშახელის გადინება წლების განმალობაში არწყდებოდა. სულთან კრიმ-გირეის ანგარიშებიდან ცნობილია, რომ მარტო 1904-5 წლებში გარე სამუშაოზე გასული იყო მოზრდილი მამაკაცების თითქმის ნახევარი. მამაკაცებთან ერთად გარე სამუშაოზე ქალებიც გადიოდნენ. გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, გურულებმა, პირველ რიგში, უახლოეს პუნქტს, ბათუმს მიაშურეს. ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის შემდეგ ბაქოს ნავთისა და ნავთობის სხვა პროდუქტების გატანა საზღვარგარეთ მხოლოდ ბათუმის ნავსადგურით ხდებოდა. ასე რომ, დასაქმების მხრივ გურულებს შანსი მიეცათ, მაგრამ, როგორც ჩანს, სამუშაო ადგილები ,,პორტო ფრანკოშიც“ ჭირდა. აი, რას წერს გაზეთი „კვალი“ 1898 წელს: ,,ბათომში ამ ბოლო დროს მეტად გამრავლებულა უსაქმობით მოხეტიალე, უბინაო და უსახლკარო გოგოების რიცხვი. უბედურნი ხშირად დაეხეტებიან, შედიან ბუფეტებში, ანუ ერთი სასტუმროდან მეორეში მოგზაურობენ. მომეტებული ნაწილი ამათგანისა გურულებია’’ [„კვალი“, 1898, №10]. გურულების რეგიონიდან გადინება რომ შეემცირებინათ, ხელისუფლებამ საპასპორტო სისტემა შემოიღო, იმ გლეხებს რომელთაც ყველა გადასახადი გადახდილი არ ჰქონდათ, კერძოდ, მემამულეებისა და სამღვდელოების, პასპორტს არ აძლევდნენ, პასპორტის გარეშე კი ქალაში წასვლა და იქ სამუშაოს დაწყება შეუძლებელი იყო. ზემოთ დასახელებულ გარემოებებს თან ერთვოდა გურიის სასოფლო, სამაზრო და საგუბერნიო ადმინისტრაციულ სისტემაში გამეფებული კორუფცია და მექრთამეობა, რუსი და ადგილობრივი მოხელეებ-
ის აღვირახსნილი მოქმედება. გაზეთი „დროებაში“ ამასთან დაკავშირებით ვკითხულობთ: ,,რაც ჩვენში მამასახლისობა დაარსდა, ყველა ჩვენი სოფლის მოხელე პირები და კერძოდ, მამასახლისნი, ყურადღებას აქცევდნენ მხოლოდ თავიანთ სარგებლობას... წურბელებივით სწოვდნენ სისხლს საწყალ გლეხებისას და ქრთამით თუ სხვა საზიზღარი მოქმედებით ცდილობდნენ თავისი ჯიბის გასუქებას“ [მახარაძე, 2008]. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ღარიბი ფენა შუა საუკუნეების საქართველოშიც არსებობდა, რომელთაც გლახაკთა სახელით ვიცნობთ. ასევე ვიცით, რომ არსებობდა ეგრეთწოდებული იძულებითი გლახაკები, რომლებიც გლახაკობამდე [მათივე სურვილის საწინააღმდეგოდ] უმეტესწილად ეკონომიკურმა მდგომარეობამ მიიყვანა [მეტრეველი, 1976]. ზოგადად, ხალხის მასობრივად გაღარიბება მაშინ არის ხოლმე ყველაზე შესამჩნევი, როცა ახალი საზოგადოებრივ-ეკონომიკური წყობა იწყებს დამკვიდრებას და მოსახლეობა ერთგვარ გარდამავალ პერიოდში აღმოჩნდება ხოლმე. ასე იყო შუა საუკნეების საქართველოში, როცა ფეოდალიზაციის პროცესი განსაკუთრებით ძლიერდებოდა, ასე იყო ევროპაშიც, როცა ინგლისი კაპიტალისტურ წყობაზე გადავიდა. სწორედ ამგვარი სახის პრომლემის წინაშე დადგა გურია XIX საუკუნიის მეორე ნახევარში, როცა ბატონყმობა გაუქმდა და ხალხი არა მარტო მატერიალურად, არამედ მორალურადაც დაქვეითდა. ზემოთ ჩამოთვლილი უკიდურსობანი, სიდუხჭირე, უმუშევრობა, ამას დამატებული სხვადსხვა ავადმყოფობა, გაზრდილი გადასახადები, კორუფცია და უსამართლობა ხშირად გლეხს უბიძგებდა, საარსებო წყარო და სამართალი იარაღით ხელში ეძებნა, რაც შემდეგ მასობრივ არეულობასა და შეიარაღებულ გამოსვლებში გადადიოდა. მსგავსი გამოცდილება ისტორიაში მრავლად არსებობს, იყო პერიოდები, როდესაც ყაჩაღობა, მაშინდელი დროის ტერმინით კი ,,მეკობრეობა“ მატულობდა ხოლმე, რაც პირდაპირ ეკონომიკურ გაჭირვებასთან იყო კავშირში. აი, რას წერდა ივერია გურიაში შექმნილ სიტუაციაზე: ,,ყაჩაღობის მიზეზად გლეხკაცის მოშლილი მეურნეობა გახდა, გააუმჯობესეთ გლეხკაცის მეურნეობა და ცხოვრება, ფაქტებით დაუმტკიცეთ, რომ შრომის ნაყოფი მასვე ეკუთვნის და მაშინ იგი თავს დაანებებს ყაჩაღობას, იარაღს დაჰყრის და გუთანს მოკიდებს ხელს“. [,,ივერია“ ,1892 , N5]
დასაბამიდან გურია ერთგვარი ფორთპოსტი იყო თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ოსმალებმა XVI ს-ში ტრაპიზონი და სამცხე დაიპყრეს, გურია, ფაქტობრივად, ოსმალეთის მოსაზღვრე გახდა. ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ გურიას მისი სამხრეთი ნაწილი, აჭარაც, ჩამოეჭრა და 1829 წელს ადრიანოპოლის ტრაქტატით, ოსმალეთ-გურიის საზღვრად მდინარე ჩოლოქი დაგდინდა [მახარაძე, 2008]. სწორედ ამიტომ იყო, რომ რუსეთ-თურქეთის ომის დროს [1877-78 წლები] მართალია, მთელს საქართველოში დაიწყო რუსთა ჯარის დასახმარებლად მოძრაობა, მაგრამ ყველაზე მძლავრი დამხმარეები გურულები აღმოჩნდნენ. 1876 წელს ჩამოყალიბდა ოზურგეთის მაზრის მცხოვრებთაგან შეკრებილი მოხალისეთა მილიცია. საყურადღებოა, რომ გაწვევისთვის დანიშნულ ადგილას ნაცვლად 1000 კაცისა, 3000 მოხალისე გამოცხადდა. თუ ომის მონაწილე ი. მაყაშვილს დავუჯერებთ, ახალგაზრდები ცრემლმორეული ითხოვდნენ ჯარში ჩაერიცხათ და ბრძოლის ველზე გაეგზავნათ. შეიძლება ითქვას, რომ აქ საქმე პატრიოტულ სულისკვეთებასთან გვაქვს, მაგრამ საქმე მხოლოდ ეს არაა. ჯარში ჩარიცხვა ბევრ უპირატესობასაც იძლეოდა, მაგალითად, პრისტავი ხელით ვერ შეეხებოდა, გზის საერთო ბეგარაზე ვერ გაიწვევდნენ, შეიძლება, სოფლის მამასახლისადაც აერჩიათ. არასწორი იქნება პატრიოტული ზრახვების უკუგდება, ვინაიდან ვიცით, რომ ქართველმა ინტელიგენციამ ეს ომი საქართველოს ისტორიული მიწების დაბრუნებას დაუკავშირა და ამისთვის ფართო აგიტაცია-პროპაგანდა გააჩაღა. ასე რომ, გურულები და არა მარტო გურულები პატიროტული სულითაც იბრძოდნენ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ომის დამთავრების შემდეგ მოხალისეთა რაზმი მთავრობამ არ დაშალა, რის გამოც მუშახელს მოკლებული ისედაც ღატაკი ოჯახები კიდევ უფრო ღატაკდებოდნენ. ეს კი ომის მონაწილე გლეხობის და გაღატაკებული თავადაზნაურობის უკმაყოფილებას იწვევდა და ისინი ფირალთა დაჯგუფების პოტენციური წევრები ხდებოდნენ.
ფირალობამ იმხელა გავრცელება ჰპოვა, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციამ ვერაფერი გააწყო, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ პრობლემას სერიოზულად შეხედა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რაც გამოიხატა 1880 წელს გურიაში „მესამე ქვეითი გურიის დრუჟინის სოტნის“ გამოგზავნით. ჯარისკაცები იმ სოფლებში ჩააყენეს, სადაც ფირალები იყვენენ [მახარაძე, 2008]. თუმცა ამან ფირალობა ვერ აღკვეთა. 1882 წელს უკვე გუბერნატორი აქტიურად ჩაერთო საქმეში. იგი სოფელ-სოფელ სიარულით ავრცელებდა ანტიფირალურ პროპაგანდას და ხალხს მოუწოდებდა, ყაჩაღები არ დაეფარათ და ეთანამშრომლათ პოლიციასთან. ამ ყოველივემ გარკვეული შედეგი გამოიღო, გავრცელდა დასმენები და ფირალთა გაცემა. მაგალითისთვის, სოფელ მაკვანეთის მოსახლეობამ 35 ფირალი გადასცა გუბერნატორს. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მთავრობის ჩატარებულმა ღონიძიებებმა დადებითი შედეგი ვერ გამოიღო, ფირალობა კიდევ უფრო ვრცელდებოდა გურიაში. სიტუაცია უკონტროლო გახდა. პრობლემის გადაწყვეტა თავის თავზე მთავარმმართებელმა დუნდუკოვ-კორსაკოვმა აიღო. მისი განკარგულებით, გურია ჩამოცილდა ქუთაისის გუბერნიის მთავრობას „ადმინისტრაციულის და პოლიციურის მხრით“ და გადავიდა ბათუმის სამხედრო გუბერნატორის განკარგულებაში [მახარაძე, 2008]. ამით, ფაქტობრივად, განუსაზღვრელი ძალაუფლება გადავიდა ბათუმის სამხედრო გუბერნატორის ხელში, რომელსაც შეეძლო მთავარმათებელის ნება-სურვილის საფუძველზე ყველა გზით ებრძოლა და გაეწმინდა გურია ფირალებისგან. წესრიგის აღდგენისთვის აუცილებელი იყო სამხედრო რაზმების ყოლა. ამ მიზნით გურიაში გაიგზავნა კაზაკთა პოლკის ორი ასეული. ბატალიონი გაიგზავნა ქობულეთშიც, ვინაიდან ამ ქალაქში ფირალები ხშირად ჰპოვებდნენ თავშესაფარს. ცხადია, ჯარების სოფლებში ჩაყენებამ კიდევ უფრო გააუარესა ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა. ხალხს [მამასახლისთა მეშვეობით] სამხედრო ჩინოვნიკები ავალდებულებდნენ დიდი ხარჯის გაწევას - ჯარის საკვებით, ფრინველითა და საქონლით მომარაგებას. იმ სასტიკმა ზომებმა, რასაც სამხედრო ხელისუფლება ატარებდა, დროებით, რამდენიმე წლით შეანელა ფირალობა, თუმცა უკვე 1888 წლიდან ისევ ფართოდ გავრცელდა ფირალობა. მის წინააღმდეგ ისევ მიმართეს ეგზეკუციას, თუმცა არსებითად სიტუაცია ვერ შეიცვალა. მთავრობის შემდეგი ნაბიჯი იყო 1887 წელს ხევისთავების ინსტიტუტის დაწესება. ხევისთავები იყვნენ ადამიანები, რომელთაც ირჩევდნენ სოფლის საზოგადოებიდან და მის ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენდა საზოგადოებრივი წესრიგის მეთვალყურეობა, ფირალების გამოვლენა. თუმცა აღნიშნულმა ინსტიტუტმა არ გაამართლა, ვინაიდან ხევისთავებმა პირადი ინტერესების გამო დაიწყეს ქურდების მფარველობა და მალევე მათი თანამდებობა ხელისუფლებამ საერთოდ გააუქმა კიდეც. ამავე დროს მთავრობამ შემოიღო საყოველთაო სამხედრო სამსახური. ყოველი გლეხი ვალდებული იყო რამდენიმე წლით ოჯახი მიეტოვებინა. ეს გადაწყვეტილებაც მთავრობის მხრიდან განსაკუთრებული ზომა იყო ხალხის მორჩილებაში მოყვანისთვის. ამის შემდგომ შემოიღეს ე.წ ზემსკაია სტრაჟა, რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „სათემო დარაჯობა“. ეს იყო პოლიციის განყოფილების სპეციალური ჯგუფები [თითო სოფელში 15 კაცისგან შემდგარი] რომელთა ფუნქციასაც წარმოადგენდა, როგორც დროებაშია აღნიშნული, ავაზაკებისა და ბოროტების დევნა [მახარაძე, 2008]. თუმცა არც ამ ღონისძიებამ გაჭრა, პირიქით, ხალხის მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა, ვინაიდან ამ სათემო დარაჯობისთვის ცალკე გადასახადი დაწესდა [კომლზე 15 კაპიკი. ჯამში 4500 მანეთი დაუჯდა გურიას]. როგორც ირკვევა, ამ „სტრაჟის“ დაწესებამ კიდევ უფრო მისცა ბიძგი გლეხების ფირალად გავარდნას. როგორც ეგნატე ნინოშვილი წერდა, ხალხი ფირალად სტრაჟების ჯინაზე ხდებოდნენ. ფირალობის წინააღმდეგ ბრძოლის წარუმატებლობის გამო მთავრობა ახალ-ახალ გზებს ეძიებდა. წესრიგის დამყარების მიზნით ხელისუფლება აყალიბებდა გლეხებისგან შემდგარ „საყარაულო“ ჯგუფებს, ასევე დაამატეს ოთხი საგანგებო საქმეთა მოხელე, ბოქაული და რამდენიმე ათეული ჯარისკაცი. ამ ახალ-ახალი ჩინოვნიკებისა თუ სამხედროების შენახვა კვლავ უბრალო ხალხის კისერზე გადადიოდა, რაც კიდევ უფრო ამწვავებდა ვითარებას. გლეხების საყარაულო ჯგუფები მალევე 1890 წელს გააუქმეს, რადგან მას რაიმე არსებითი შედეგი არ მოუტანია. ფირალობის აღკვეთის მიზნით მთავრობამ დააწესა „ურთიერთ თავდებობა“, რაც შემდეგს გულისხმობდა: თუ რომელიმე ყაჩაღი რაიმეს მოიპარავდა თუ გაძარცვავდა, მოსახლეობა ვალდებული იყო ზარალი ერთიანად აენაზღაურებინა. ამით ხელისუფლება ცდილობდა, თავად მოსახლეობა დაეპირისპირებინა ფირალებისთვის. თუმცა ამ პროცესმა კიდევ უფრო ცუდი გავლენა იქონია გლეხობაზე, ვინაიდან ამ ურთიერთ თავდებობით სარგებლობდნენ თავადები და ხშირად ცილს სწამებდნენ ფირალებს მათი ქონების ხელყოფის ბრალდებით. ცხადია, ამ ზარალის ანაზღაურების სიმძიმე ისევ გლეხებს აწვებოდათ ზურგზე.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხელისუფლების მიერ გატარებულ ზომებს არსებითი შედეგი არ მოჰყვა და, პირიქით, ფირალების რაოდენობა და ხალხში მათი პატივისცემა დროდადრო უფრო იზრდებოდა. რა იყო ამის მიზეზი? როგორც გაზეთ „ივერიის“ ერთ-ერთი ნომერში ვკითხულობთ: „ყაჩაღის მოქმედება გულსა ფხანს ხალხს, მისი პროტესტი საზოგადოების პროტესტს უახლოვდება... [საზოგადოება] მწუხარებას, კვნესას, გოდებას და ოხვრას ყაჩაღის პირით ამცნობს ქვეყანას“ [ივერია, 1892, №40]. ხალხის განწყობას კარგად გამოხატავს ერთი გურული გლეხის სიტყვები: „ფირალების შენახვა გურულს ეამაყებოდა, სინდისის საქმე იყო, სასახელო საქმე იყო“[მახარაძე, 2008]. ფირალის გაცემა და ღალატი დიდ სირცხვილს წარმოადგენდა, რაც ლოგიკურია, ფირალებად ხომ დაბალი ფენიდან ხდებოდნენ. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს გურული გლეხის ნიკოლოზ მეხუზლას ამბავი. „ჩევიდა ყანაში, შეხედა მის თოხს, დაზომა, თოხი ერთი მტკაველი იყო, მერე ყანას შეხედა და თქვა: ამ ერთი ტკაველა თოხით ამხელა ყანა უნდა ვთოხნო და იგიც ჩემი არ იყოსო“ [ხინთიბიძე, 2010]. საინტერესოა ე. ნინოშვილის მიერ „ივერიაში“ გამოქვეყნებული წერილიდან ციტატა: რა მიზეზი აღებინებს კაცს ხელს საყვარელ ცოლსა და შვილზედ, მეზობელსა და ნათესაობაზედ, მშობლიურს მიწა-წყალზედ, მამა-პაპაეულ ზნე-ჩვეულებებზედ და გაუყენებს განსაცდელითა და სატანჯველით სავსე გზას? არ გოგონოთ -კი, რომ ყაჩაღს თავისი ცხოვრება ტკბილ ცხოვრებად ჰქონდეს მიჩნეული, პირიქით, ჰგრძნობს სატანჯველსა და ხშირად ნანობს თავის ავკაცობას, იქნება, როცა დაფიქრდება, მაგრამ რა ჰქნას?“ [ხინთიბიძე, 2010]. როგორც ჩანს, მოსახლეობაც თანაუგრძნობდა თავიანთი წრიდან გაფირალებულ ადამიანებს, ვინაიდან ისინი არა უბრალოდ ყაჩაღები, არამედ მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ გაერთიანებულ მებრძოლები იყვნენ.
ზოგი გურიაში გავრცელებულ ფირალობას ამ კუთხის ხალხის განსაკუთრებული [ფიცხი] ხასიათით ხსნიდა, ამ შეხედულებას ვერ გავიზიარებთ. ჩვენს შეხედულებას კარგად გამოხატავს ამონარიდი ეგნატე ნინოშვილის წერილიდან: „ ...გურიის ხალხის საყოველთაო ყაჩაღობის მიზეზი იმდენად შთამომავლობითი ცუდი ინსტიქტი არ არის, რამდენათაც სოციალური და ადმინისტრაციული წესწყობილება“ [მახარაძე, 2008] ე. ნინოშვილმა არგუმენტად მოიყვანა XIX საუკუნის სამოცი-სამოცდაათიანი წლების ვითარება, როდესაც კარგი მაზრის უფროსობის არსებობის პირობებში გურიაში ხალხი შრომობდა და ყაჩაღობა ძალიან შემცირებული იყო. ზოგადად, ყაჩაღობა მხოლოდ გურიის სენი რომ არ იყო, ამას „დროებაც“ წერდა 1878 წლის ერთ-ერთ ნომერში: „ჩვენში ხდება ხშირად ავაზაკობა. ქურდობენ ღამით, საღამოთი, დღისით, შუადღეზედ, იძარცვებიან მიყრუებულ ქუჩებში, ბაზრებში, მაედნებზე... ერთი სიტყვით ყველგან და ყოველთვის” [დროება, 1878, №189]. თუმცა ფირალობა გურიაში სხვა მასშტაბით გავრცელდა, რის საფუძველსაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოციალურ-ეკონომიკური მიზეზები წარმოადგენდა.
გამოყენებული ლიტერატურა
1. მახარაძე, ი. [2008]. გურული ფირალები. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
2. მეტრეველი, რ. [1976]. დეკლასირებული ელემენტები შუა საუკუნების საქართველოში. თბილისი: მეცნიერება.
3. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი V. [1970]. თბილისი: საბჭოთა საქართველო.
4. ტუღუში, ზ. [2008]. მოგონებები ნინოშვილზე: გურული ლექსიკა. ლანჩხუთი: ჰო და არა.
5. ხინთიბიძე, ა. [1938, 2010]. გურული ფირალები. თბილისი: კალიგრაფი.
6. გაზეთი "დროება", 1878, №189
7. გაზეთი "ივერია", 1892, №40
8. გაზეთი "კვალი", 1898, №10